ემოციური ველი

„ემოციური ველი“,  ეს ისაა რის გარეშეც არაფერი ხდება სახალხო და საზოგადოებრივი.  

დღეს მსოფლიო უფრო სახალხო და ემოციურია, ვიდრე გუშინ. 

ევროპარლამენტის მკაცრი რეგლამენტით მომუშავე წევრები, ლურჯ-ყვითელ სიმბოლოებში არიან,  ტაშს უკრავენ ზელენსკის, უკრაინას,  ფეხზე დგანან და ტაშს უკრავენ დიდხანს! უემოციო პოლიტიკა   ჩაყლაპა ადამიანურმა ემოციამ! ვნახოთ, რამდენი ხნით?….. ზელენსკი ევროპარლამენტს ფურცელზე დაწერილი პოლიტიკური „სფიჩის“  გარეშე, უფრო ჰიროიკული ფილმის გმირივით მიმართავს და ეს მუშაობს! 

ევროპა და ამერიკა   პოლიტიკურზე მეტად ემოციურ თანადგომას დემონსტრირებს!

ემოციური ველი გაშლილია ყველგან და ის უკრაინამ გაშალა. ლავროვს გაეროში ვიდეო-გამოსვლისას ზურგი აქცია დარბაზმა.  ფრთხილი დიპლომატია-პოლიტიკა-პროტოკოლიანი გაეროელები დგებიან და დარბაზს ტოვებენ. 

დემონსტრაციულად ემოციურია გარემო! 

ტაშია ამერიკის პრეზიდენტის ტრადიციული მოხსენების დროს აშშ-ს კონგრესის სხდომაზეც. აქ უკრაინის ქალბატონ ელჩს ეგებებიან ასე,  ტაშით და ფეხზე ადგომით ხვდებიან ინგლისელებიც  უკრაინელ დიპლომატს…

 ნელნელა ტაში და აღიარება გადამდებია…. 

არიან მოწინააღმდეგეებიც – ისინი ვისაც რუსეთის „დიდების“  ეშინია, ან ისინი ვინც რუსეთის „დიდების“  „მსხვერპლია“ ……

ემოციური ველის გაშლა უკრაინის მთავრობამ ხალხით დაიწყო. ჯერ იყო საკუთარი მოსახლეობა, უამრავი მექანიზმი მათი  საერთო,  თავდაცვით ფერხულში ჩასაბმელად. რაც მთავარია მუდამ  ხალხისთვის გასაგები ენით საუბარი როგორც მათთან, ისე   მსოფლიო დიპლომატებთან და ლიდერებთან. 

ამას მოყვა მეზობელი ქვეყნების და ევროპის მოსახლეობა. მიმართვები რუსი და ბელორუსი ხალხისადმი. მადლობა ქართველი ხალხისთვის განსხვავებით მისი მთავრობისგან, იმ ევროპელებისთვის,  ვისი ქვეყნების ლიდერებიც თავს იკავებდნენ მაქსიმალური დახმარების აღმოჩენისგან.

იყო  და გრძელდება სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის პასუხი – მხარდამჭერი აქციები. რომლებიც წინ უსწრებს ამავე ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებებს.  

ემოციური ველი ომთან ერთად იშლება …. იზრდება ….. პოლიტიკა უფრო მეტად  სახალხო ხდება ვიდრე ეს გუშინ ან გუშინწინ იყო. 

ახლა როცა ამას ვწერ ზელენსკი ახალი ემოციური ველის გასაშლელად ემზადება, მის მიმართვას რამდენიმე ქვეყნის მოსახლეობა აქციებით და მთელი მსოფლიო პატარა თუ დიდი ეკრანებთან ელოდება ….. 

ცა ჯერ ღიაა  …. საომარიც და იმედისაც ! 

სანამ მთავრობების პასუხი იქნა … უკრაინა სხვა ქვეყნების მოქალაქეებს დაელაპარაკება. 

სალომე მახარაძე